გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.