ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩა. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. „მინოსის ხანას“ (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი, აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას.